საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრია, რომლის მრავალწლიანი ისტორია 1922 წელს იწყება. უნივერსიტეტს დღემდე მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის საინჟინრო, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო განვითარებაში. მისი მთავარი მისიაა თანამედროვე ცოდნის შექმნა და გავრცელება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების განვითარება და საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში.
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აერთიანებს ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიების, არქიტექტურის, ბიზნესის, სოციალური მეცნიერებებისა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს, რაც ქმნის ინტერდისციპლინური განათლებისა და კვლევის ფართო შესაძლებლობებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 11 ფაკულტეტზე ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე, ასევე – პროფესიულ განათლებას. უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია განათლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარება. თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება STEM-ის, ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული მეცნიერების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე ტექნოლოგიებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებები. ამ სფეროებში უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს როგორც საგანმანათლებლო, ისე კვლევით შესაძლებლობებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო დონის სამეცნიერო კვლევების განვითარება. უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ექსპერიმენტებსა და კვლევით კონსორციუმებში, თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან. ამ თანამშრომლობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაგალითია ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან – CERN-თან პარტნიორობა. უნივერსიტეტის მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ დიდი ჰადრონული კოლაიდერის (LHC) CMS ექსპერიმენტში, რომელიც თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კვლევითი პროექტია. ეს თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამეცნიერო მონაცემების ანალიზს და მოიცავს მაღალტექნოლოგიური დეტექტორების, ელექტრონული სისტემების, საინჟინრო კომპონენტებისა და მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჩართულობა CERN-ის CMS ექსპერიმენტის HL-LHC მოდერნიზაციის პროგრამაში უნივერსიტეტის საინჟინრო და სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი მაგალითია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის მონაწილეობას CERN-ის Future Circular Collider (FCC) ინიციატივასთან დაკავშირებულ კვლევით საქმიანობაში. ეს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მომავლის ამაჩქარებლებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ტექნოლოგიების განვითარებაში. 2026 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა CERN-ის Detector Research and Development (DRD1) Collaboration-ის წევრი, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მეცნიერებმა და ინჟინრებმა არა მხოლოდ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, არამედ მონაწილეობა მიიღონ მათი შექმნისა და განვითარების პროცესში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ქსელს ავსებს ასევე იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევის ორგანიზაციასთან -KEK-თან თანამშრომლობა. KEK-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრია მაღალი ენერგიების ფიზიკის, ამაჩქარებლების ტექნოლოგიებისა და ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით.
CERN-თან და KEK-თან თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორობა არ არის. ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო კულტურის ნაწილი, სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ინჟინრები ერთობლივად მუშაობენ კაცობრიობის წინაშე არსებული ყველაზე რთული სამეცნიერო და ტექნოლოგიური ამოცანების გადასაჭრელად. ამ თანამშრომლობის საშუალებით სტუ-ის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, იმუშაონ თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურასთან და ჩაერთონ გლობალური მნიშვნელობის სამეცნიერო პროექტებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს თანამშრომლობას ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან. Erasmus+, DAAD, Horizon Europe, COST და სხვა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. სტუ-ისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა ნიშნავს არა მხოლოდ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, არამედ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი პროექტების, სამეცნიერო პუბლიკაციების, ლაბორატორიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიისწრაფვის, ჩამოყალიბდეს რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ და სამეცნიერო უნივერსიტეტად, რომელიც აერთიანებს განათლებას, კვლევას, ინოვაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება პრინციპს: „ვქმნით ცოდნას, ვავითარებთ ტექნოლოგიებს და ვამზადებთ მომავალს.“
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.gtu.edu.ge/