აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია ცხრა ათწლეულის წინათ დაიწყო და, ამჟამად, იგი საქართველოში შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ერის კულტურულ-ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების საქმეში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალდარგოვანი რეგიონული უნივერსიტეტია, რომელიც როგორც სამი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის გაერთიანება, თანამედროვე სახით საბოლოოდ, 2010 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა 2006 წელს. გაერთიანდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო 2010 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მას შემოუერთდა სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის ზრუნვის საგანია ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემა და დასაქმების ხელშეწყობა. ამისთვის აწსუ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ, დამსაქმებლებთან. უნივერისტეტი უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას და დასაქმების ხელშეწყობას შესაბამისი კომპეტენციების განვითარების გზით.

უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს ცხრა ფაკულტეტი: 1. ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა; 2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; 3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; 4. პედაგოგიური; 5. მედიცინის; 6. საინჟინრო-ტექნიკური; 7. საინჟინრო-ტექნოლოგიური; 8. აგრარული; 9. საზღვაო-სატრანსპორტო.

აწსუ აღნიშნულ ფაკულტეტებზე ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), ერთსაფეხურიანი მედიცინის მიმართულების, მასწავლებლის მომზადების (ერთწლიანი) და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს (100 საგანმანათლებლო პროგრამა – 44 საბაკალავრო, 42 სამაგისტრო, 8 სადოქტორო, 3 ერთსაფეხურიანი, ერთი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, 2 ერთწლიანი (60 კრედიტიანი) პროგრამები) ისეთ პროფილურ მიმართულებებში, როგორებიცაა: ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, აგრარული მეცნიერებები, ასევე, განათლება, ბიზნესი, სამართალი, ინჟინერია, მედიცინა და საშემსრულებლო ხელოვნება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული განათლების ერთ-ერთი მსხვილი პროვაიდერია რეგიონში. წლების განმავლობაში უნივერსიტეტს დაუგროვდა პოზიტიური გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განხორციელების საკითხში, ამიტომ უსდ-ში პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარების სტრატეგიული ხედვის ფარგლებში ინსტიტუციონალურად გაძლიერების კუთხით ჩამოყალიბდა და 2020 წლიდან ფუნქციონირებს სტრუქტურული ერთეული „პროფესიული განათლების ცენტრი“. ცენტრი ახორციელებს 22 პროგრამას (მათ შორის 4 არის მომზადება/გადამზადების პროგრამა).

უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ინტეგრაცია ინდუსტრიასთან მემორანდუმების/ ხელშეკრულებების ფარგლებში. კერძოდ, ისინი უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პროფესიული/საწარმოო პრაქტიკების განხორციელებას რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი კვალიფიციური კადრის მომზადებას.

აწსუ-ს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტების დონეზე აკუმულირებული ცოდნა ხმარდება როგორც ახალი თაობების და მაღლაკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდას, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

 

კონტაქტი

ვებ-გვერდი: atsu.edu.ge

  • საქართველო, ქუთაისი, თამარ მეფის №59 საფოსტო ინდექსი 4600
  • +995-431-240036
  • info@atsu.edu.ge